ირანში საკუთარ სახლში დანით მოკლული ნახეს ცნობილი კინორეჟისორი და მისი ცოლი
ცნობილი ირანელი კინორეჟისორი, დარიუშ მეჰრჯუი და მისი მეუღლე დანით მოკლული ნახეს მათ სახლში, იტყობინება ირანის მედია 15 ოქტომბერს.
ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA მოჰყავს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის, ჰოსეინ ფაზელის ნათქვამი, რომ მეჰრჯუი და მისი მეუღლე, ვაჰიდე მოჰამადიფარი კისერზე დანით მიყენებული ჭრილობებით მოკლული აღმოაჩინეს.
ფაზელის თქმით, რეჟისორის ქალიშვილმა, მონა მეჰრჯუიმ, ცხედრები იპოვა, როდესაც 14 ოქტომბრის ღამეს მშობლების სანახავად მივიდა მათთან, სახლში, რომელიც თეირანის დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარეობს.
მომხდარს პოლიცია იძიებს.
მეჰრჯუი ირანულ კინოში „ახალი ტალღის“ მოწინავე წარმომადგენელია აბას ქიაროსტამისთან ერთად. მის ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ფილმები: „ძროხა,“ „ჰამუნი,“ „ლეილა,“ და „მსხლის ხე.“
„ძროხა“ ერთ-ერთი პირველი ირანული სურათი იყო, რომელიც 1971 წელს ვენეციის, კანის და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს.