სულ ცოტა 16 ადამიანი ემსხვერპლა კონსტანტინოვკის დაბომბვას
უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსეთის სარაკეტო იერიშს სულ ცოტა 16 ადამიანი ემსხვერპლა და 28 დაშავდა. გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, აფეთქება ქალაქის ბაზარში მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვილოდიმირ ზელენსკიმ სარაკეტო იერიშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს იყო რუსეთის მიერ ჩადენილი სრულმასშტაბიანი არაადამიანობა.
„როდესაც მსოფლიოში ვინმეს ჯერ კიდევ აქვს რაიმე საერთო აქცს რუსეთთან, ეს ნიშნავს რეალობაზე თვალის დახუჭვას. ბოროტების თავხედობა. სრულმასშტაბიანი არაადამიანობა. ამჟამად რუსულმა ტერორისტულმა არტილერიამ 16 ადამიანი მოკლა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში. ჩვეულებრივი ბაზარი. მაღაზიები. აფთიაქი. ხალხი, ვისაც არაფერი დაუშავებია. ბევრი დაჭრილი. სამწუხაროდ, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა! ეს რუსული ბოროტება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამარცხოთ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ტელეგრამის არხებით მომხდარი აფეთქების კადრები ვრცელდება.