უკრაინული წყაროების თანახმად, მოსკოვის ოლქში დრონით შეტევა შედეგიანი იყო
წყარომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ დრონმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და ხანძარი გრძელდება „ტომილინსკის ელექტრონული ქარხნის“ საამქროში.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დღეს დილით, ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს მოსკოვში დრონის შეღწევა და ის მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში მოიგერიეს. სობიანინი წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ არავინ დაშავებულა და არც არაფერი დანგრეულა.
სობიანინის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის ამ რაიონში გაანადგურეს „თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი". რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში გაუქმდა, ან გადაიდო 60-ზე მეტი ავიარეისი.