ვაშინგტონში ადასტურებენ რუსეთის წარმომადგენლებთან საიდუმლო მოლაპარაკებას
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ადასტურებს ყოფილი მაღალჩინოსნების შეხვედრებს რუსეთის წარმომადგენლებთან, თუმცა, აცხადებს, რომ მოლაპარაკება მის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული არ ყოფილა.
6 ივლისს, ტელეკომპანია NBC News-მა ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ჯგუფმა საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა კრემლთან დაახლოებულ რუსებთან და აპრილში, ნიუ-იორკში შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც. წყაროთა თანახმად, მიზანი იყო უკრაინაში ომის შესაწყვეტად მომავალი მოლაპარაკებისთვის საფუძვლის ჩაყრა.
NBC News-ის ინფორმაციით, ლავროვს შეხვდნენ ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ხელმძღვანელი რიჩარდ ჰაასი და ჩარლზ კუპჩანი და ტომას გრემი, რომლებიც სხვადასხვა დროს მუშაობდნენ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. საგულისხმოა, რომ აპრილში, ჰაასმა და კუპჩანმა გამოცემაში Foreign Affairs გამოაქვეყნეს სტატია, რომელიც ეხებოდა უკრაინაში ომის დასრულების გზებს.
NBC News-ის წყაროთა თანახმად, ლავროვთან შეხვედრის დღის წესრიგში იყო მომავალი რუსეთის მიერ დაკავებული იმ ტერიტორიების, რომლებიც უკრაინამ შესაძლოა, ვერ გაათავისუფლოს და ორივე მხარისთვის მისაღები დიპლომატიური გადაწყვეტილებები.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ NBC News-ს განუცხადა, რომ თეთრი სახლი ინფორმირებული იყო ამ მოლაპარაკების შესახებ, რომელიც მის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი არ ყოფილა. კირბის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია ცნობილია - უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები ვერ გაიმართება უკრაინის მონაწილეობის გარეშე. აშშ-ის ადმინისტრაციის ეს ოფიციალური პოზიცია სააგენტო Reuters-ს დაუდასტურეს სახელმწიფო დეპარტამენტშიც.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მინისტრ ლავროვთან აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საიდუმლო მოლაპარაკებას უწოდა „დეზინფორმაცია და დასავლეთის მედიაში გაშვებული ფეიკი“.