ლიპეცკის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ "ვაგნერი" რეგიონში გადაადგილდება
რუსეთში, ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი, იგორ არტამონოვი ადასტურებს, რომ რეგიონში "ვაგნერის" ტექნიკა გადაადგილდება.
ლიპეცკიდან მოსკოვამდე 500 კილომეტრია.
არტამონოვმა ტელეგრამ არხზე დაწერა: "სამართალდამცავი ორგანოები და ხელისუფლება, მათ შორის მუნიციპალიტეტებში, იღებენ ყველა საჭირო ზომას მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში ხარვეზები არ არის.".
მანვე მოსახლეობას შეახსენა, რომ არ დატოვონ სახლები და თავი შეიკავონ ნებისმიერი გზით გადაადგილებისგან.
23 ივნისის საღამოს, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.
24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“. რეგიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ესმით ბრძოლის ხმები.