წულუკიანი "ფსევდოლიბერალურ წივილ-კივილს" უწოდებს ღარიბაშვილის უნგრეთში გამოსვლის კრიტიკას
"პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან ბევრი მესიჯით დატვირთული და თითოეული მათგანი ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც, რეალურად, ჩვენი ერი საუკუნეების მანძილზე იდგა. ეს არის პატრიოტიზმი, რწმენა, რომელმაც დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა და მოიყვანა ჩვენი ერი და სამშობლო, მართლმადიდებლურ რწმენას ვგულისხმობ...
ეს გამოსვლა კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება გასაანალიზებელი და ყველანაირი ფსევდოლიბერალური წივილ-კივილის გარეშე, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვაქვს პატარა სახელმწიფო, რომ ეს პატარა სახელმწიფო, მიუხედავად მისი სიდიდისა, არის დიდი ისტორიის, ტრადიციებისა და დიდი კულტურის მქონე ქვეყანა და ყველა უნდა გავერთიანდეთ იმაში, რომ უზრუნველვყოთ ამ ქვეყანაში ერთმანეთის უფლებების დაცვა, ჩვენი რწმენის დაცვა, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვა ისე, რომ არავის უფლება დაირღვეს", - თქვა კულტურის მინისტრმა.
მან ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა კონფერენციაზე ლაპარაკით დაიწყო:
"სანამ პრემიერ-მინისტრი მოცემულ კონფერენციაზე სიტყვით გამობრძანდებოდა და ამ ვიზიტით ჩავიდოდა უნგრეთში, მოხდა ისე, რომ მანამდე რამდენიმე დღით ადრე მეც გახლდით ჩემს კოლეგასთან სტუმრად უნგრეთში და მე ჩემი თვალით ვნახე და მოვისმინე ის, თუ როგორ ცდილობს უნგრეთი როგორც სახელმწიფო, რომ ის ტრადიციული ღირებულებები, რამაც თავის დროზე დააფუძნა ევროპა, ევროკავშირი, იქნეს დაცული. სწორედ ამ კონფერენციასაც ეს გასდევდა ლაიტმოტივად, ჩვენ ეს ყველამ დავინახეთ..."
ირაკლი ღარიბაშვილი 4 მაისს გამოვიდა სიტყვით ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობდა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ მტრული ძალები საქართველოში „ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“ და რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას „უმცირესობის ძალადობისგან“.
თავის 20-წუთიან გამოსვლაში ღარიბაშვილმა თქვა, რომ „საქართველო ფლობს სუპერძალას“ და დასძინა, რომ ეს სუპერძალა არის “რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები… სწორედ ამ ძალთა გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას”.
ამავე დროს მან დაგმო „ლგბტქ+ პროპაგანდა“ და „თავსმოხვეული ინოვაციები“, „ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონება“. ისინი, საქართველოს პრემიერის თქმით, ცდილობენ, დაავიწყებინონ ხალხს „ოჯახი და რწმენა“, რადგან „ფესვების არმქონე ადამიანის გაკონტროლება უფრო მარტივია“.
ევროპელი სოციალისტების პარტიამ, რომლის დამკვირვებელი წევრიცაა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში.
ევროპელი სოციალისტების პარტიამ აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ღარიბაშვილმა ამ ფორუმზე ორბანს „რეკლამა გაუწია“ და ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ევროპის ჭეშმარიტი დამცველი უწოდა.