ვიტალი კლიჩკომ მიმართა თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილებს
აქციის „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ მონაწილეებმა, თბილისში, პარლამენტის წინ განთავსებული ეკრანიდან მოისმინეს კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ვიდეომიმართვა. მან ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პატივი მიაგო უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ 36 ქართველ მებრძოლს.
„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის! თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია - რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას.
ქართველები არამხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ. თქვენი ჯარისკაცები ჩვენს გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის რუსი ბარბაროსების ფრთომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი, ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს.
ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის.
ვერავინ შეუშლის ხელს ჩვენს ხალხს, გააცნობიეროს თავიანთი ცივილიზებული არჩევანი! დღეს ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს.
დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება ჩვენს გმირებს!", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციის ორგანიზატორები არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
აქციას შეუერთდნენ ომის გამო უკრაინიდან ლტოლვილთა მარშის მონაწილეები.
დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.
გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.