ნეთანიაჰუ: ისრაელი გააძლიერებს კამპანიას პალესტინელ თავდამსხმელთა წინააღმდეგ
ისრაელი გეგმავს გააძლიეროს კამპანია აღმოსავლეთ იერუსალიმში და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პალესტინელთა თავდასხმების წინააღმდეგ - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 12 თებერვალს.
ნეთანიაჰუს ეს განცხადება მოჰყვა 10 თებერვლის ინციდენტს იერუსალიმის გარეუბანში, როცა სამი ადამიანი დაიღუპა ავტობუსის გაჩერებაზე ადამიანების ჯგუფში ავტომობილის შევარდნის შედეგად. მანქანას პალესტინელი მძღოლი მართავდა.
„მინისტრთა კაბინეტი დღეს გამართავს შეხვედრას, რათა მოვამზადოთ უფრო ფართო ზომები მათი მომხრეების და მათ წინააღმდეგ, ვინც ტერორს ახორციელებს აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეასა და სამარიაში. ამ დროს მაქსიმალურად უნდა ავცილოთ ზიანი მათ, ვინც არ არის მონაწილე,“ თქვა ნეთანიაჰუმ და პალესტინელთა ტერიტორიების მიმართ გამოიყენა ისრაელში მიღებული ტერმინი.
ისრაელსა და პალესტინელებს შორის ვითარება დაიძაბა ბოლო ხანს და თითქმის ყოველ დღე ხდება ძალადობის აქტები და შეტაკება პალესტინელებს და ისრაელის არმიას შორის. . 11 თებერვალს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ისრაელმა თოფით სასიკვდილოდ დაჭრა პალესტინელი. Reuters-ის თანახმად, 27 წლის მოთქალ რაიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ისრაელის პოლიციამ სააგენტოს განუცხადა, რომ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ასევე 11 თებერვალს, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაისროლეს, რომელიც ისრაელის საჰაერო თავდაცვამ გადაიტაცა.