სააპელაციომ ლაშქარავას საქმეზე ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირა, გამორიცხა ჯგუფური ძალადობა
![სააპელაციომ ლაშქარავას საქმეზე ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირა, გამორიცხა ჯგუფური ძალადობა](https://gdb.rferl.org/743db59e-bd67-4af1-9d0c-f058d080defc_cx2_cy28_cw83_w800_h450.jpeg)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს.
ტვ პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე, მის თანმხლებ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე მოძალადეებს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა 16 იანვარს გამოაცხადა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
ბრალდებულები დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი, გია გიგუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სასამართლომ თითოეული ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ან მასში მონაწილეობაში (სსკ-ის 225-ე მუხლი).
დაკავებულები დანაშაულის ჩადენას არ აღიარებენ.
5 ივლისს მედიის 50-ზე მეტ თანამშრომელს დაესხნენ თავს.
ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მასზე ძალადობიდან რამდენიმე დღეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.