ბელგიაში გარდაცვლილ ლიზა ქისტაურს თბილისში პატივი მიაგეს
ბელგიაში გარდაცვლილ ქართველ ტრანსგენდერ ქალს, ლიზა ქისტაურს თბილისში პატივი მიაგეს. ვაშლოვანის ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები ყვავილებითა და სანთლებით გამოემშვიდობნენ მას.
ლიზა ქისტაური, დედის გადაწყვეტილებით, ბელგიაში დღეს, 11 იანვარს დაკრძალეს. ის ბოლო წლების განმავლობაში ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობდა.
ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა - ოჯახი, ბელგიის პოლიცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დროს ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.
გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელგიის პოლიციაზე დაყრდნობით 6 იანვარს დაადასტურა.
"გასულ ორშაბათს ანტვერპენში, ერთ-ერთ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, დაინიშნა საგამოძიებო მოსამართლე და ჩატარდა აუტოფსია, ამან აჩვენა, რომ არ აღინიშნება დანაშაულის ნიშნები", - უთხრეს "ფორმულას" ბელგიის პროკურატურაში 6 იანვარს.