გუტერეში: თალიბანის რიგებში "ძალაუფლებისთვის ბრძოლა" აფერხებს ავღანეთის მიმართ საერთაშორისო ძალისხმევას
![გუტერეში: თალიბანის რიგებში](https://gdb.rferl.org/8c4d21bc-e5ee-433b-9c09-4c7f9ce77578_w800_h450.jpg)
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, თალიბანის რიგებში მეტოქე ჯგუფებს შორის მიმდინარე "ძალაუფლებისთვის ბრძოლა" ართულებს ავღანეთში არსებულ ვითარებას, მას შემდეგ, რაც ქვეყანა გასული თვის ბოლოს დატოვეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო ძალებმა.
გუტერეშმა საჯაროდ მოუწოდა ავღანეთის ამჟამინდელ ისლამისტ მმართველებს, დაიცვან ადამიანის უფლებები და არ დაუშვან ავღანეთის ტერორისტებისთვის თავშესაფრად გადაქცევა. გუტერეშმა ასევე "ფანტაზიის" სფერო უწოდა მოსაზრებას, რომ ავღანეთში, თალიბანის მმართველობის პირობებში გაეროს ჩართულობა სწრაფად მოიტანს ინკლუზიურ მთავრობას, უფლებების პატივისცემას და გამორიცხავს იქ ტერორისტების ყოფნას.
გუტერეშის თქმით, გაეროს "შეზღუდული შესაძლებლობები და შეზღუდული ზეწოლის საშუალებები" აქვს, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ომით გაჩანაგებული ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ძალისხმევაში.
"აშკარაა, რომ თალიბანის სხვადასხვა ჯგუფს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ვითარება ჯერჯერობით გარკვეული არ არის", - თქვა გუტერეშმა გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის დებატების წინ, რომელიც 21 სექტემბერს უნდა დაიწყოს. მისი თქმით, გაერო ცდილობს თალიბანი დაარწმუნოს, რომ "საერთაშორისო თანამეგობრობის სოლიდარობის ქონა ნიშნავს ერთ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობისგან აღიარების შესაძლებლობას", და რომ ჯგუფმა უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები.
თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა არც ერთი სახელმწიფოს ხელისუფლებას არ უღიარებია და ავღანეთიდან კვლავ ვრცელდება ცნობები შურისძიების მიზნით თავდასხმების და ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ.