ჯონ ჰერბსტი: თუ თბილისში ხელისუფლება გააგრძელებს ჩვენს ელჩსა და შეერთებულ შტატებზე თავდასხმას, ისინი ამით არსებითად იტყვიან, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა მათი პრიორიტეტი არ არის
„თუ თბილისში ხელისუფლება ავტორიტარული მიმართულებით სვლას განაგრძობს და თუ უფრო ფართოდ გააგრძელებს ჩვენს ელჩსა და შეერთებულ შტატებზე თავდასხმას, ისინი ამით არსებითად იტყვიან, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა მათი პრიორიტეტი არ არის“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა ჯონ ჰერბსტიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად შესაძლებელია ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა ჰერბსტიმ უპასუხა:
„ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ.
ვფიქრობ, რაც ქართველ ხალხს უნდა აწუხებდეს ისაა, რომ [ხელისუფლების] ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შეუქმნას და ეს არ იქნება კარგი“, – აცხადებს ჯონ ჰერბსტი.