შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს ომბუდსმენის კანდიდატზე შეთანხმება
მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს ომბუდსმენის კანდიდატზე შეთანხმება და მთავარი პირობაა, რომ ის უნდა იყოს თანაბრად მისაღები კოალიციური უმრავლესობისთვის და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის“ როგორც ამ პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი პროცესის დისკრედიტირებას ცდილობდა და საჭიროა გაიაზრონ, რომ პროცესში თანხმობა მნიშვნელოვანია.
„ზოგადად, ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან იყო მცდელობა, რომ თავიდანვე პროცესის დისკრედიტირება მოეხდინათ. ამას ემსახურებოდა, მათ შორის პროცესის დასაწყისშივე საბოლოო კანდიდატების დასახელება ისე, რომ ალტერნატივაზე ფიქრსაც კი არ უშვებდნენ. ჩვენ პირიქით, თავიდანვე ვაჩვენეთ გახსნილობა, რომ ეს უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე პროცესი, რომლის შედეგი თავშივე არ იქნებოდა ცნობილი. სამწუხაროდ, ეს მიდგომა აქვს ოპოზიციის ნაწილს. მათ უნდოდათ შედეგი თავშივე ყოფილიყო დადგენილი და უმრავლესობა რაიმენაირად იძულებული ყოფილიყო, დათანხმებოდა იმ შედეგს, რასაც თავიდანვე ისინი საკუთარი კანდიდატების სახით წარმოსახავდნენ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე მოხდეს შეთანხმება კანდიდატზე და მთავარი პირობა არის ის, რომ ის უნდა იყოს თანაბრად მისაღები კოალიციური უმრავლესობისთვის და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოფილისა, მისაღები უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“ როგორც ამ პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტიისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს. სხვანაირად შეუძლებელია, ვისაუბროთ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან არ იქნება მოწონებული. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენმა კოლეგებმა გაიაზრონ, მნიშვნელოვანია თანხმობა და აქ განსაკუთრებით გადამწყვეტი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ხმაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.