საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების კითხვას, რატომ არ მონაწილეობდა საქართველო კენჭისყრაში, უპასუხეს რომ „საკითხს გაარკვევენ“.
„დროა“ კენჭისყრაში საქართველოს არ მონაწილეობას აფასებს რეგიონის ტოტალიტარული ქვეყნების მკაფიო მხარდაჭერად და ხაზს უსვამს, რომ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში, სადაც „დემოკრატია და ავტორიტარიზმი ერთმანეთს უპირისპირდება“, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ავტორიტარიზმის გზა.
ლემონჯავას განმარტებით, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა: მიანმარი, ჩადი, სამხრეთი სუდანი. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს არც რუსეთმა, ბელარუსმა, სომხეთმა, თურქმენეთმა, ყირგიზეთმა, უზბეკეთმა.
„სამწუხაროდ, საქართველო აღმოჩნდა ამ ქვეყნების კლუბში. და ეს განსაკუთრებით მტკივნეულია ორი გარემოების გამო: უკანასკნელი კვირების განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აწარმოებს გარკვეულ მოლაპარაკებებს ირანის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაბმის შესახებ და მეორე, არსებობს დადასტურებული ეჭვი იმის შესახებ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენება ირანული სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის რუსეთში“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ირანის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მხარდამჭერებს შორის არიან მოლდოვა და უკრაინა.