კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი: მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ აქვს ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევა და არსად წერია, რომ …
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურა ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ აქვს ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევა.
კითხვაზე, წერია თუ არა დასკვნაში, რომ სააკაშვილი მოწამლულია, ჩხაიძე პასუხობს, რომ ეს არ წერია.
„მე არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე მესაუბრებით. რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ კვლევას, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არაერთგზის გვაქვს ჩატარებული ეს კვლევები“, – განაცხადა ჩხაიძემ და კითხვაზე: წერია თუ არა დასკვნებში, რომ სააკაშვილი მოწამლულია, აღნიშნა, რომ „არა“.
რაც შეეხება ახალ დასკვნას, მისი თქმით, ახალი დასკვნა ჯერ არ მიუღიათ.
„არ მიგვიღია, მივიღებთ, გავეცნობით და ალბათ, ამის შემდეგ შევძლებთ მოგცეთ რამე კონკრეტული პასუხი. კლინიკა აკეთებს მაქსიმუმს, მას უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც საჭიროა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გაავრცელა მასმედიის საშუალებით მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რასაც ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს უპასუხა და აღნიშნა, რომ „არასდროს, არც ერთი მისი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი ჰქონდა“.