თამარ ჩერგოლეიშვილი: არ ვიცი, მიშა რას იზამს, მაგრამ თუ მელიას გაგდებას მხარი დაუჭირა …
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას პარტიიდან გაგდებას მხარს დაუჭერს, მაშინ პარტიის თავმჯდომარედ ხატია დეკანოიძეს აირჩევენ.
„არ ვიცი, მიშა რას იზამს, მაგრამ თუ მელიას გაგდებას მხარი დაუჭირა და კეზერაშვილმა მოიგო (ვანო მერაბიშვილიც მის მხარესაა მელიას წინააღმდეგ) ხატიას აირჩევენ ალბათ თავმჯდომარედ, და ამდენი „განახლების“ შემდეგ, ენმ ვანოს და კეზერას დაუბრუნდება.
ხატიას დააყენებენ ხოლმე ელენესთან, ზურასთან და ვაშაძესთან ერთად და ეს იქნება ის გრანდ ერთიანობა, რაზეც ზურა საუბრობს.
პ.ს. ახლა, ორივე მხარე მიშას სიყვარულში და ერთგულებაში შეეჯიბრება ერთმანეთს საჯაროდ – შეიძლება, მიშამ მხარის არჩევა გააჭიანუროს, ან საერთოდ დაიკიდოს. მოსწონს რომ ეფერებიან და მოაფერებინებს.
არასაჯაროდ – მოქრთამვა წავა“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ გუშინ განაცხადა:
„ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტსაბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, რადგან ვფიქრობთ, ენმ-ის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, გეგმით, ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ“.
ნადირაძის ამ განცხადებას პარტიის ნაწილმა მხარი დაუჭირა.