ირაკლი კობახიძე: ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას და არ გვინდა, სანქციების საკითხზე პოლემიკაში შევიდეთ
ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას და არ გვინდა, სანქციების საკითხზე მეტად შევიდეთ პოლემიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„სამწუხარო მოვლენაა, ამაზე კომენტარი არაერთხელ უკვე გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას, ისინი არიან ომის მდგომარეობაში და არ გვინდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამაზე მეტად შევიდეთ ასე ვთქვათ პოლემიკაში. არის ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობა და სამწუხაროდ, ასე გრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ სანქცირებულთა სიაში საქართველოს ხუთი მოქალაქე მოხვდა. ესენი არიან: ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. სიაშია ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც. უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები განმარტებული არ არის.