მედია: „გრინსერვის+“-სს 81.5 მლნ ლარის 118 ტენდერი აქვს მოგებული
2010 წელს რეგისტრირებულ კომპანია „გრინსერვის+“-სს 81.5 მლნ ლარის 118 ტენდერი აქვს მოგებული. ამის შესახებ აღნიშნულია ტენდერების მონიტორინგის ვებგვერდზე მოცემულ ინფორმაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მფლობელები მოქმედი ხელისუფლების დროს კორუფციისთვის გასამართლდნენ, როგორც ჩანს, მათ მიერ დაფუძნებული კომპანია დედაქალაქში არაერთ ტენდერს იგებს. ამაზე მიუთითებს ოფიციალური მონაცემებიც, რომლის მიხედვით, კომპანიამ ჯამურად 277 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 118 მოიგო. მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება, ტენდერების მონიტორის ინფორმაციით, 81.5 მლნ ლარია.
რაც შეეხება მოგებულ კონტრაქტებს, აქ საერთო ღირებულება 73.2 მლნ ლარს შეადგენს.
კომპანიას მიღებული აქვს 44 გამარტივებული შესყიდვის წესის ტენდერი. აქ ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 619 703 ლარია.
ცნობისათვის, კომპანია „გრინსერვის+“ -ის წილის 34%-ს ტარიელ კიკნაძე ფლობს, 33%-ს – კობა ხარშილაძე. ასევე, 33% ეკუთვნის ლაშა ფურცხვანიძეს. კომპანიის დირექტორიც ასევე, ლაშა ფურცხვანიძეა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ფურცხვანიძე ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელია, რომელიც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის გამო 2013 წელს დააკავეს. იმავე პერიოდში დააკავეს მისი ყოფილი მოადგილე, კობა ხარშილაძეც. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ კი, კომპანია ,,გრინსერვისი” გადაიბარეს. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” 2018 წლის კვლევის მიხედვით, ეს ფაქტის ოფიციალურ დოკუმენტად ქცევა იყო, რადგან რეალური მფლობელები ისედაც ხარშილაძე და ფურცხვანიძე იყვნენ.
ცნობისთვის, გუშინ ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.