რუსეთის პატრიარქი: როცა სამხედრო მოვალეობისას კვდები, ეს შლის ყველა ჩადენილ ცოდვას
რუსეთის პატრიარქმა კირილმა საკვირაო ქადაგებაზე თქვა, რომ მსხვერპლი “სამხედრო მოვალეობის შესრულებისას” “განწმენდს ყველა ცოდვას”.
“ჩვენ ვიცით, რომ დღეს ბევრი იღუპება შიდა ომის ველებზე. ეკლესია ლოცულობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ამ ძმათამკვლელ ომში რაც შეიძლება ნაკლებმა ძმამ მოკლას ერთმანეთი. ამავდროულად, ეკლესიამ იცის, რომ თუ ვინს მოვალეობის გრძნობითაა, ფიცის შესრულების აუცილებლობა ამოძრავებს, თავისი მოწოდების ერთგული რჩება და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება, მაშინ ის უდავოდ მსხვერპლის ტოლფასია. ის თავს სწირავს სხვებისთვის და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ეს მსხვერპლი შლის ყველა ცოდვას, რაც ადამიანმა ჩაიდინა”.- ამბობს კირილი.
რუსეთის პატრიარქი რუსეთის უკრაინაში შეჭრას კვლავ ძმათა ომს უწოდებს. ომის დაწყებიდან მალევე პატრიარქმა კირილმა თქვა, რომ უკრაინაში ომი მესამე მხარემ “გააჩაღა”, რომელსაც არ მოსწონდა რუსეთის გაძლიერება და მის დასასუსტებლად “ძმური ერი” გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა პატრიარქს სანქციები დაუწესა. ასევე, რუსეთის ეკლესიის მეთაურს ლიტვამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მიიღეს რუსეთზე დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი, თუმცა პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიიდან, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, ამოიღეს.