იატაკქვეშა ანტიპუტინისტური მოძრაობა რუსეთში? – რას წარმოადგენს “ეროვნული რესპუბლიკური არმია”, რომელმაც დარია დუგინას მკვლელობაზე აიღო პასუხისმგებლობა და ვინ არის ილია პონომარევი
რუსეთში ჯერ არ გამოჩენილა ძალა, რომელიც პუტინის დიქტატორულ რეჟიმს წარმატებით დაუპირისპირდებოდა. ყველა, ვინც მისი ოპონირება გაბედა ან პატიმრობაშია, ან გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
საზოგადოების ნაწილის აზრით, დიქტატურის დამხობა მხოლოდ თვითონ რუსებს შეუძლიათ და ამბობენ, რომ “ციხე შიგნიდან უნდა გატყდეს”. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ხოლო ახლა, “რუსული სამყაროს” იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშილის, დარია დუგინას მკვლელობის შემდეგ დისკუსიამ ამ თემაზე ახალი ძალით იფეთქა.
მით უფრო, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის “ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ” აიღო და გამოქვეყნდა მანიფესტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი მთავარი მიზანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განადგურებაა.
- ეროვნული რესპუბლიკური არმიის” მანიფესტი
ჩვენ კანონგარეშე ვაყენებთ ომის გამჩაღებლებს, ყაჩაღებისა და რუსეთის ხალხის მჩაგვრელებს! პრეზიდენტ პუტინს ვაცხადებთ ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავურ ხალხებს შორის და გაგზავნა რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის.