ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსები უკრაინის ქალაქებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში უნამუსოდ დამალულები ბომბავენ.
“ნიკოპოლის რაიონი. 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მშიშარა რუსებს სხვა არაფერი შეუძლიათ, ამიტომ ისინი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში უნამუსოდ დამალულები ურტყამენ ქალაქებს “, – წერს ერმაკი „ტელეგრამზე“.
მისივე განცხადებით, ვერც ერთი დამნაშავე ვერ გადაურჩება სასჯელს, რადგან ცნობილია იმ რუსების ვინაობა, რომლებიც ბრძანებებს ასრულებენ.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ძალებმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა.