ლევან ღამბაშიძე: …და ზუსტად ამავე კრიტერიუმებით ომს რუსეთთან დღეს ვაგებთ
0
“აგვისტოს ომზე ძალიან ბევრი გულისამრევი კლიშე შექმნა და დაამკვიდრა რუსეთმა. ერთ-ერთი იყო: ”წაგებულ ომს მოგებულად გვასაღებდა ნაცმოძრაობა”. ამაზე ღლიცინებდნენ ხოლმე. “რა ეკონცერტებოდათ?!”
სინამდვილეში კი ჩვენ 2008 წელს ომი მართლა არ წაგვიგია. ომის ერთ-ერთ ეპიზოდში დავმარცხდით, მაგრამ ომი არ წაგვიგია. ჩვენ ვაგრძელებდით დამოუკიდებელი პოლიტიკის ქონას, ჩვენ ვგეგმავდით დიდ პროექტებს, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ფუნქციას შესძენდა, ჩვენ კვლავ ჯიუტად მივდიოდით დასავლეთისკენ და არასდროს მოგვრიდებია რუსეთისათვის მტრის დაძახება.
და ზუსტად ამავე კრიტერიუმებით ომს რუსეთთან დღეს ვაგებთ. ოკუპირებული ტერიტორიების თემა გამქრალია მთავრობის დღისწესრიგიდან, ანაკლია გავაჩერეთ, დასავლეთს ვაგინებთ, ტურისტ/დივერსანტებს ხელს ვერ ვკიდებთ, პუტინის გინების გამო ჟურნალისს ვკიცხავთ და რუსეთს ბოდიშებს ვუხდით, რესტორანში რუსული მენიუ და სიმღერა ვერ აგვიკრძალია, რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტებს ხელს ვერ ვკიდებთ, ოპოზიციონერ რუსებს ქვეყანაში არ ვუშვებთ, უკრაინას არ ვეხმარებით და რუსი დივერსანტების მიერ ცენტრალურ ქუჩაზე, პარლამენტის წინ დარჭობილ ძალადობისა და ღალატის სიმბოლოსაც თითს არ ვაკარებთ.
აი ეს ყველაფერი არის ომის წაგება. აი ეს ყველაფერია ქვეყნის, მისი ინტერესების და მისი მოქალაქეების ღალატი და არა მტერთან შებრძოლება და თუნდაც დამარცხება. სხვას რას ნიშნავს ჩვენი დამოუკიდებლობა, თუკი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა მთლიანად რუსეთის ინტერსებზე გვაქვს აწყობილი?
ხოდა სულ რომ ყირაზე დადგნენ, არცერთ ისტორიის წიგნში არ იქნება შეტანილი ის ბოდვები, რასაც ყოველ წელს აგვისტოს ომის დროს ვისმენთ ხოლმე მთავრობისაგან. მეტიც: ოცნების მართველობა აუცილებლად შეფასდება როგორც ღალატი და მტერთან კოლაბორაცია. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია მოხდეს,” -წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.