“Лондон, Париж”-ის მაგიერ რუსებს ირაკლი ფირცხალავამ “Волга – Иртыш“ უმღერა
ქართველი ანტივაქსერების ფავორიტი მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა რუსეთში ტურნეში იმყოფება. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ სცენაზე გამოსულმა მომღერალმა დასავლეთზე გაბრაზებული რუსების გასახარად თავისი ცნობილი სიმღერის ტექსტიც კი შეცვალა. “Лондон, Париж”-ის მაგიერ რუსებს ფირცხალავამ “Волга – Иртыш“ უმღერა, თან განაცხადა, – რადგან რუსეთში ყველაფერ უცხოურს სამამულოთი ვანაცვლებთ, სჯობს ასე ვიმღეროო…
რუსეთში წლების განმავლობაში მცხოვრები ქართული წარმოშობის მომღერალი საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და ბათუმში დასახლდა, მანამდე კი მოსკოვში ცოლს დაშორდა. პანდემიის დაწყებიდან ირაკლი ფირცხალავა ტრანსფარანტებით ხელში სტუმრობდა დედაქალაქს, სადაც ზვიად ტომარაძესთან და ხატია სიჭინავასთან ერთად ანტივაქსერების აქციას უძღვებოდა…
ამჯერად კი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში კონცერტების სერიას აანონსებს და სოციალურ ქსელში წერს:
“მე მიყვარს ჩემი სამუშაო, ვმუშაობ ყველა ინდივიდზე, განურჩევლად სქესისა, შეხედულებისა, რელიგიისა, ასაკისა, ეროვნებისა! ეს არის ჩვენი პროფესია – შევძლოთ ვემსახუროთ ხალხს…”
ფირცხალავა კონცერტებს აანონსებს ეკატერინბურგში და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში…
ირაკლი ფირცხალავა, რომელსაც მოსკოვში უბრალოდ ირაკლის უწოდებენ, 1977 წლის 13 სექტემბერს მოსკოვში დაიბადა. მომღერლის მამა ნიკოლოზ ქსნელაშვილი საქართველოში ცნობილი გინეკოლოგია. მშობლები მისი დაბადებიდან მალე დაშორდნენ და მომღერალი დედის გვარზეა.
წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად მომღერალი დაოჯახებას არ ჩქარობდა, თუმცა მოგვიანებით მისი გული მსახიობმა სოფია გრებენშიკოვამ მოიგო, 2010 წელს კი წყვილმა იქორწინა.
ოჯახი თავიდან ძალიან ბედნიერი ჩანდა, შეეძინა ორი შვილი – საშა და ილია, თუმცა წყვილი მაინც დაშორდა. მოგვიანებით რუსულ მედიაში მომღერალმა აღიარა, რომ დაშორების მიზეზი ეჭვიანობა გახდა…