მედიაკოალიცია: კობახიძის გამონათქვამები დეპუტატის ეთიკის კოდექსის ფარგლებში შეისწავლეთ
მედიაკოალიცია მოუწოდებს პარლამენტს, ირაკლი კობახიძის გამონათქვამები პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის ფარგლებშიც შეისწავლოს.
როგორც ორგანიზაცია განცხადებაში წერს, ის გმობს ირაკლი კობახიძის თავდასხმას ჟურნალისტზე და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას”, მიიღოს ზომები ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც მოიცავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, გააუმჯობესოს მედიაგარემო ქვეყანაში.
„გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი” საქართველოს პარლამენტის წევრებს უზღუდავს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით საუბარს. ასევე, ვალდებულები არიან არ შელახონ საჯარო ფუნქციის შესრულებისას მათთან კომუნიკაციაში მყოფი პირების პატივი და ღირსება.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის ფარგლებშიც განიხილოს აღნიშნული მძიმე შემთხვევა და მიიღოს სათანადო ზომები.
კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების ფარგლებში კორექტულად უნდა უპასუხონ ისეთ კითხვებსაც, რაც მათთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“. „კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…. “ნაცმოძრაობის” გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა… ქალის სახე დაკარგე… რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე… სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც… სამარცხვინო შენ… გულისამრევია“, – მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.