ზღვის დონე გაორმაგებული ტემპით მატულობს – ვის ემუქრება საფრთხე
ზღვის დონე სწრაფად მატულობს, თითქმის გაორმაგებული ტემპით. გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის შეფასებით, 2100 წლისთვის მატების დონე 40-დან 63 სმ-მდე გაიზრდება. ასეთი რამ კი გამოიწვევს დიდ კატასტროფებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ემუქრება თუ არა ქალაქებს ან ქვეყნებს გაქრობის საშიშროება?
“ქალაქების და ქვეყნების გაქრობა დამოკიდებულია იმაზე, გავაკეთებთ თუ არა რამეს ქალაქების და ქვეყნების გაქრობის თავიდან ასაცილებლად”, – განუცხადა Live Science-ს ელ.წერილში გერდ მასელინკმა, სანაპირო გეომორფოლოგიის გაერთიანებული სამეფოს პლიმუთის უნივერსიტეტის პროფესორმა.
რომელი ქვეყნები დაზარალდებიან ყველაზე მეტად?
ზღვის დონის აწევამ უკვე გამოიწვია სულ მცირე ხუთი „მცენარე რიფის კუნძულის“ გაუჩინარება, რომლებიც ადრე სოლომონის კუნძულების ნაწილი იყო, თუმცა „კიდევ ექვსი კუნძული განიცდის ძლიერ სანაპირო რეცესიას“, – ნათქვამია 2016 წლის კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Environmental Research Letters.
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, საფრთხე ემუქრება ყველას, ვინც წყნარი ოკეანის კუნძულებზე ცხოვრობს. საუბარია 3 მილიონ ადამიანზე, რომელთაც წყლის დონის მატების შემთხვევაში, შესაძლოა, საუკუნის ბოლომდე მიგრაცია დასჭირდეთ, რადგან ისინი სანაპიროდან, დაახლოებით, 10 კმ-ის მოშორებით სახლობენ.
ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდი პოტენციური საფრთხე არსებობს, არის ჩინეთი თავისი 43 მილიონი მცხოვრებით არასაიმედო სანაპირო ზონებში. ასევე ბანგლადეში, სადაც 2100 წლისთვის 32 მილიონ ადამიანს ემუქრება საფრთხე და ინდოეთი 27 მილიონი მოქალაქით. ეს პროგნოზი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Life Adaptate პროექტის მიხედვით.
თუმცა ამ საფრთხეების მიუხედავად იმის შანსი, რომ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა წყლის დონის მატების გამო რუკიდან საერთოდ გაქრეს, თითქმის არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში არა 2100 წლისთვის. რა იქნება უფრო შორეულ მომავალში, ჯერ დაუდგენელია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანები უფრო დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ თავიანთ საცხოვრებელ გარემოს და დიდი ქვეყნების ლიდერებმა შეიმუშავონ ძლიერი თავდაცვის მექანიზმები, რათა გლობალური დათბობის ტემპი შეაფერხონ და კატასტროფები თავიდან აიცილონ.
წყარო: Livescience