პეტრე ცისკარიშვილი: ძალიან კარგიც იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პარტიად გადაკეთდება
ძალიან კარგიც იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პარტიად გადაკეთდება, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ კითხვას, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება, რამდენად არის შესაძლებელი ის ალტერნატიული ძალა გახდეს.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ინსტიტუციების კონსოლიდაციაში.
„რატომაც არა, თუ გადაწყვეტენ პოლიტიკურ ცხოვრებას, პარტიად გადაკეთებას, ახლად დარეგისტრირებული პარტიის საარჩევნოდ მომზადებას. მათ ინტერესებში შედის, ამის ჯანსაღი ამბიცია აქვთ, შესაბამისი ლიდერები ჰყავთ, შესაბამისი ჯგუფია, პლატფორმა. თუ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად აიღებს ტვირთს თავის თავზე, რატომაც არა! ძალიან კარგიც იქნება, თუ ორგანიზაციების ნაწილი პარტიად გადაკეთდება, მაგრამ თვითონ უნდა გადაწყვიტონ, გაიარონ კონსულტაციები და ეს გადაწყვეტილება მიიღონ. მათ აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება სამოქალაქო სექტორში მუშაობის, ძალიან კარგი ექსპერტები ჰყავთ ბევრი მიმართულებით და ამ საქმეში შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში და ინსტიტუციების კონსოლიდაციაში“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.