მარია ზახაროვა ბორის ჯონსონის გადადგომაზე: გაკვეთილი არის შემდეგი – რუსეთის განადგურება შეუძლებელია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ბორის ჯონსონის გადადგომას გამოეხმაურა. ზახაროვამ ჯონსონის გადაყენება რუსეთ-უკრაინის ომში დიდი ბრიტანეთის აქტიურობას დაუკავშირა.
“ამ ამბიდან გაკვეთილია შემდეგი: არ შეეცადოთ რუსეთის განადგურება. რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები გაიტეხოთ და შემდეგ ამით დაიხრჩო. […] ბორის ჯონსონს თავისივე გაშვებული ბუმერანგი მოხვდა. მისმა თანამებრძოლებმა ის მიატოვეს”, – თქვა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთისკონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
ჯონსონის თქმით, ახლა ცხადია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ მათ ახალი ლიდერი და შესაბამისად ახალი პრემიერმინისტრიც სურთ. მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის ვადები ცნობილი მომდევნო კვირაში გახდება.
ბორის ჯონსონმა დანიშნა მინისტრთა ახალი კაბინეტიც და აღნიშნა, რომ მოვალეობის შესრულებას მანამ გააგრძელებს, სანამ პარტიის ახალი ლიდერი მის ამჟამინდელ თანამდებობას არ დაიკავებს.
ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ “პოლიტიკაში არავინაა შეუცვლელი”.
“ჩვენი შესანიშნავი დარვინული სისტემა ახალ ლიდერს წარმოშობს”, – თქვა ჯონსონმა და დაამატა, რომ ჩამნაცვლებელს შეძლებისდაგვარად დაეხმარება.
ჯონსონმა გამოხატა წუხილი ოპონენტების მიმართ.
“ვნანობ, რომ დავაში წარუმატებელი ვიყავი და მტკივნეულია ამდენ იდეისა და პროექტის ვერდანახვა”, – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.
“მინდა იცოდეთ, ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ, მაგრამ ცხოვრება ასეთია”., – გამოხატა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებული წუხილი ბორის ჯონსონმა.