საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალი წარუდგინა, ასევე, არასრულწლოვანს, რომელიც 31 მაისს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიით, 30 მაისს თბილისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, 15 წლის მოზარდს დანით ჭრილობები მიაყენა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
ექიმის განცხადებით, მოზარდს მუცლის ღრუში ჰქონდა მრავლობითი დაზიანება, მათ შორის ნაწლავების, სისხლძარღვების.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, რომ „არ არსებობს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა გათვალისწინებითაც შეიძლება ვივარაუდოთ, ამ ბავშვს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. ბრალდებულის ცალსახა პოზიცია არის, რომ მას არანაირი საგანი არ ჰქონია და არავისთვის სხეულის დაზიანება არ მიუყენებია”.
ადვოკატის თქმით, ის მასალები, რაც დაცვის მხარეს გადაეცა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების და მისთვის ბრალის წარდგენის საფუძველს არ იძლევა.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დადგენის მიზნით.