გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს „ევროპულ გზაზე” მხარს უჭერს
გერმანიის ბუნდესტაგი უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს „მათ ევროპულ გზაზე“ მხარს უჭერს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა.
ჰუბერტ ქნირშის ინფორმაციით, რეზოლუცია ერთობლივად მმართველი კოალიციის სამმა საპარლამენტო ჯგუფმა და უმსხვილესმა ოპოზიციურმა ჯგუფმა CDU/CSU-მ წარადგინეს და მასში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლის ყველა კრიტერიუმის შესრულება გაწევრიანების წინაპირობაა.
„მოხარული ვარ დაგიდასტუროთ, რომ 28 აპრილს გერმანიის პარლამენტმა/ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია „მშვიდობისა და თავისუფლების დასაცავად“, რომელიც გამოხატავს ფედერალური ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარებისადმი პარლამენტის მხარდაჭრას, მათ შორის მძიმე იარაღის სისტემების მიწოდების მიმართლებით.
ამ კონტექსტში ბუნდესტაგი ითხოვს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს დახმარებას, „მათ ევროპულ გზაზე“. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლის ყველა კრიტერიუმის შესრულება გაწევრიანების წინაპირობაა და უნდა გაიზარდოს ევროკავშირის შესაძლებლობები ახალი წევრების მისაღებად.
რეზოლუცია ერთობლივად წარადგინეს მმართველი კოალიციის სამმა საპარლამენტო ჯგუფმა და უმსხვილესმა ოპოზიციურმა ჯგუფმა CDU/CSU-მ“,- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.