ეს იმ „სამშვიდობო“ ჯარების პირველი ნაწილია, რომელიც ყაზახეთში „კოლექტიური უსაფრთხოებისხელშეკრულების ორგანიზაციის“ (მოსკოვის მიერ მართული სამხედრო ბლოკი, რომლის წევრიცაა ყაზახეთიც) ეგიდით ჩამოვიდნენ – ისინი ჩამოვიდნენ ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის მოწვევით, რომელმაც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ჯარების ჩარევა 5 იანვარს სატელევიზიო მიმართვის შემდეგ მოითხოვა, სადაც დემონსტრანტებს „საერთაშორისო ტერორისტების ჯგუფი“ უწოდა, რომლებიც, მისი თქმით, გაწვრთნილი იყვნენ საზღვარგარეთ და „ძირს უთხრიდნენ სახელმწიფოს მთლიანობას“.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ეგიდით რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამხედრო ძალებით დაკომპლექტებული დანაყოფების ჩამოსვლა ახალი ქვეთავის დასაწყისია ამ სწრაფად მზარდ კრიზისში, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მოქმედ ავტორიტარულ რეჟიმს ყაზახეთში და საფიქრალი გაუჩინა მის ავტოკრატ მეზობლებს – უზბეკეთიდან ბელარუსამდე, რუსეთის ჩათვლით – ისინი შეშფოთებით აკვირდებიან, თუ როგორ აღმოჩნდა ცენტრალური აზიის უმდიდრესი ქვეყანა უფსკრულის პირისპირ.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მზარდ მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საკუთარ კლიენტ სახელმწიფოებსა და ერთგულ მოკავშირეებს“, უთხრა რადიო თავისუფლებას მოსკოვის „კარნეგის ცენტრის“ უფროსმა თანამშრომელმა ალექსანდრ გაბუევმა. წარმატების შემთხვევაში, ეს განამტკიცებს რუსეთის როლს, როგორც უსაფრთხოების მთავარი გარანტისას რეგიონში.
2 იანვარს საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებულმა სამშვიდობო პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა და მალევე გადაიზარდა ფართომასშტაბიან გამოსვლებში ტოყაევისა და მისი წინამორბედის ნურსულთან ნაზარბაევის წინააღმდეგ, რომელიც ნავთობით მდიდარ ქვეყანას თითქმის 30 წელი მართავდა და მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, დღემდე ინარჩუნებდა მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს.