გააცნობიერონ საფრთხე, თორე ამ უმძიმესი ზამთრის შემდეგ მოვა გაზაფხული
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი.
როგორც ნუგზარ წიკლაური აცხადებს, შექმნილ მდგომარეობას მოჰყვება უამრავი სახის კრიზისი, რომელიც საბოლოო ჯამში, ადამიანებს გამოიყვანს ქუჩაში და დაიწყება დაპირისპირება. წიკლაურის თქმით, ოპოზიციური სპექტრი ყველაფერს აკეთებს რათა ეს თავიდან აირიდონ.
“ჩვენ ვაპირებთ მოლაპარაკებებზე მისვლას, სანამ არსებობს რაიმე მბჟუტავი იმედი. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ამ კრიზისს. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, ეს არის კიდევ უფრო მძიმე გაუცხოების კრიზისი, ამომრჩეველსა და ხელისუფლებას შორის იქნება გაუცხოება, ამას მოჰყვება ეკონომიკური კრიზისი, ამას საბოლოოდ კი მოსდევს ადამიანების ქუჩებში გამოსვლა და ქუჩებში დაპირისპირება, რომელიც არავის სურვილი არ არის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან იყოს არიდებული, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ მთავრობამ მიიტაცოს არჩევნები.
თამაშის წესების არ ქონას არავინ არ შეეგუება დღეს, რადგან 30 წელი იმისათვის არ უბრძოლია ჩვენ ხალხს, რომ 30 წლის თავზე მიიღონ შეუზღუდავი დესპოტია რუსეთიდან ჩამოსული ოლიგარქის. გააცნობიერონ ეს საფრთხე, თორე ამ უმძიმესი ზამთრის შემდეგ მოვა გაზაფხული. როგორი იქნება ჩვენი ხალხის განწყობა რთული გამოსაცნობი არ არის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მთავრობა ანგრევს იმ ყველაფერს, რასაც ჩვენი ხალხი ცოდვით და დიდი გაჭირვებით აშენებს,”-აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.