ბორდი ასრულებს ხელისუფლების დაკვეთებს - ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის არჩევითობაზე საუბრობს
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ჟურნალისტი ნინია კაკაბაძის შეფასებით, დღეს ამ თანამდებობის დაკავების მსურველთა შორის, ნინო ზაუტაშვილის გარდა, არც ერთი კანდიდატი არ არის ისეთი, რომელიც არ მოუნდება ქართულ ოცნებას.
„ბორდმა ბოლო პერიოდში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის ასრულებს ქართული ოცნების შეკვეთებსა და სურვილებს,“ - განაცხადა ნინია კაკაბაძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამჯერადაც ის ქართული ოცნებისათვის სასურველ კანდიდატს დაუჭერს მხარს.
„ქართული ოცნება ხისტად არ აკეთებს არჩევანს, ამიტომ პირდაპირ შეიძლება ნათელი არ იყოს იმ ადამიანის ვინაობა, ვინც დაიკავებს საზოგადოებრივი ტელევიზიის თავმჯდომარის ადგილს. შესაძლებელია ჩვენ მთელი კონცენტრირება მოვახდინოთ ვასილ მაღლაფერიძეზე, რომელიც პირდაპირ არის ასოცირებული ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან. ვიცით, რომ ქართულ ოცნებას ძალიან უნდა მისი თავმჯდომარეობა, მაგრამ ამასობაში ბორდმა ზემოდან მითითებით აირჩიოს სულ სხვა კანდიდატი, რომლის შესახებაც შეიძლება იმდენი ინფორმაცია არ გვაქვს და ოცნების ნათელი კანდიდატი არ არის, მაგრამ საქმე გააკეთოს ისე, როგორც ამას გააკეთებს ვასილ მაღლაფერიძე,“ - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
ჟურნალისტმა ასევე შეაფასა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კანდიდატების დარეგისტრირებისას ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულება გაუქმებულია. კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე კანდიდატს მოარგო ხელისუფლებამ.
