გიორგი გასვიანის ადვოკატი პროკურატურას ჟურნალისტის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართავს
გიორგი გასვიანის ადვოკატი პროკურატურას ჟურნალისტის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართავს. უფლებადამცველი საქმეში არსებული დოკუმენტაციის გადაცემასაც ითხოვს, მათ შორის სასტუმროს ვიდეოთვალის ჩანაწერების.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არ იქნება შაბლონური პასუხი, რომ ჩანაწერები არის წაშლილი. არც ერთ პირს ბრალი არ აქვს წაყენებული, მხოლოდ ერთ მათგანს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული და რაც ყველაზე მთავარია ჯერჯერობით დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი,“-აცხადებს ტარიელ კაპანაძე.
გიორგი გასვიანს უკვე ჩაუტარა ექსპერტიზა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, რომლის განცხადებითაც ჟურნალისტს გარეგანი დაზიანებები აღენიშნება. საბოლოო დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის ეს დაზიანებები, მაგრამ ხანგრძლივობა მკურნალობა მას შემდეგ განისაზღვრება, რაც ქვედა ყბა და მხრის საზღვარი იქნება გამოკვლეული. რა დაზიანებებიც სხეულზე აღენიშნება ის დაზიანებები იქნება დაფიქსირებული,“-განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
გიორგი გასვიანი შსს-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის საფუძველზეც ინციდენტში მონაწილე სამი ადამიანიდან მხოლოდ პოლიციელს შეუჩერდა დროებით უფლებამოსილება. მისი თქმით დანარჩენი ორისთვის გამოძიებას ამ დრომდე შესაბამისი მუხლებით არ წაუყენებია ბრალი.
„აღინიშნა ყველა ის დაზიანება, რაც მომაყენეს და ასევე რეკომენდაციაც მივიღე ქალბატონი მაიასგან, რომ ექიმთან უნდა მივიდე, ქირურგთან და ა.შ. და ის კონკრეტული დაზიანებები, რომელიც არ ჩანს ვიზუალურად კარგად უნდა შევისწავლოთ. თუ რატომ არ არიან დაკავებულები და ა.შ. გამოძების საქმეა. მე რომ მეცემა პოლიციელები ან ხელი დამერტყა და შეურაცხყოფა მიმეყენებინა, თუ გადავრჩებოდი ყველა ვარიანტში დაკავებული ვიქნებოდი. აქ არ იყო მხოლოდ ცემა და ძალადობა მთვრალი პოლიციელის მხრიდან, არამედ იყო იარაღის თავზე მობჯენა,“-განაცხადა გიორგი გასვიანმა.
