არავის აქვს ილუზია, რომ ლარის ამ დონის გაუფასურება, პირდაპირ არ აისახება ტარიფზე - გიორგი ტუღუში
საპარლამენტო ოპოზიცია ელექტროენერგიასა და გაზის ტარიფების გაზრდას ელოდება. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი ტუღუშმა კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა. გიორგი ტუღუშის თქმით, ხელისუფლება ვერ აღიქვას იმ საფრთხეებს და კრიზისის სიმძიმეს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.
„არავის აქვს იმის ილუზია, რომ ლარის ამ დონის გაუფასურება, პირდაპირ არ აისახება ელექტროენერგიაზე და გაზის ტარიფზე,“ - აღნიშნა ტუღუშმა.
„გახსოვთ ალბათ, უკვე იყო ერთი ტალღა, როდესაც ლარმა დაიწყო გაუფასურება, მაშინ მოხდა ტარიფის გადახედვა. მაშინაც გვარწმუნებდა ხელისუფლება, რომ ეს არ შეეხება ელექტროენერგიის და გაზის ტარიფს, მაგრამ საბოლოო ჯამში, დღეს უფრო მძიმე ვითარებაში ვართ,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
ლარის გაუფასურების შესახებ, გიორგი ტუღუში აცხადებს რომ ხელისუფლების გეგმა არა თუ ჩავარდა, არამედ მან უკუეფექტი გამოიღო.
„მას შემდეგ, რაც მათ 10 პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნეს, ლარმა კატასტროფულად დაიწყო ვარდნა. ოცნება ხალხს დაპირდა სწრაფ განვითარებას, საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ სწრაფად რაც ვითარდება, ეს არის ცუდი კუთხით განვითარება მთლიანად ტარიფების,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
ტუღუში პურის ფასის მატებაზეც საუბრობს.
„აქციზის გაზრდილი გადასახადი, რა თქმა უნდა, გააძვირებს როგორც დიზელს, ასევე ბენზინს და ამას არ სჭირდება დიდი ეკონომისტობა, როდესაც საწვავი ძვირდება, ყველაფერზე იწყებს ფასების მატება,“ - განაცხადა ტუღუშმა.
