არჩევნების პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების შემდგომ პერიოდს სახალხო დამცველი დააკვირდება
არჩევნების პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების შემდგომ პერიოდს სახალხო დამცველი დააკვირდება იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მას კანონით აქვს მინიჭებული. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნება 26 მობილური ჯგუფი, რათა მოხდეს რეაგირება ყველა შესაძლო დარღვევებზე.
“სახალხო დამცველი გეგმავს არჩევნების დღეს, ისევე როგორც წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს რეაგირება. ჩვენ შევკრებთ 26 მობილურ ჯგუფს საქართველოს ყველა რეგიონში, იმისთვის, რომ ჩვენი რესურსებით მოხდეს რეაგირება ყველა იმ შესაძლო დარღვევაზე, რომელსაც არჩევნების დღეს, ან მანამდე, თუ არჩევნების შემდგომ პერიოდში ექნება ადგილი. ჩვენთვის განსაკუთრებით სამწუხარო იყო ძალადობრივი ინციდენტები, რომელიც განვითარდა კორცხელში, ასევე მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა მოსყიდვას, თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას," - განმარტავს ომბუდსმენი.
უჩა ნანუაშვილმა კომენტარი გააკეთა რესპუბლიკელების სარჩელთან დაკავშირებითაც. რესპუბლიკელები იმ ნორმატიული აქტის ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რომლითაც ცესკო-მ ახალ მემარჯვენეებსა და პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო ნომერი წილის ყრის გარეშე მიაკუთვნა.
"რაც შეეხება ასეთ დავებს, ვფიქრობ, სასამართლო არის ის ორგანო, რომელიც ალბათ შესაბამის პასუხს გასცემს ამ კონკრეტულ დავას და კონკრეტულ საჩივარს, რომელიც ეხება, თუ რამდენად იყო დაცული ის პროცედურები, როდესაც მოხდა განაწილება საარჩევნო სუბიექტებისთვის კონკრეტული ნომრების,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ავტორი: ნათია გოგსაძე
