"დახატვა იმისა, რომ ორი პარტია ებრძვის ერთმანეთს, არ გამოვა" - ლევან ბერძენიშვილი
სტრასბურგში ევროსაბჭოს განათლების, კულტურისა და მედიის კომიტეტის სხდომას, სადაც რუსთავი 2-ის საქმე და აეროპორტში მომხდარი ინციდენტი განიხილეს, ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრებიც.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერის ლევან ბერძენიშვილის თქმით, ის თავადაც აპირებდა მომხდარი ინციდენტის ხსენებას, თუმცა უკრაინელმა დეპუტატმა „დაასწრო“.
„ხელისუფლებას მეტი ყურადღება სჭირდება ამ მიმართულებით. რაღაც მოდუნებული არიან იმიტომ, რომ ვითარება არ არის მარტივი. დახატვა იმისა, რომ ორი პარტია ებრძვის ერთმანეთს და სხვა, არ გამოვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სხვა პარტიებიც ვართ. თუ მაინც და მაინც ვინმეს ვინმესთან პრეტენზია აქვს, ჩემთანაც უნდა მოვიდნენ და მეც უნდა მითხრან - შენ ხარ ლევან ბერძენიშვილი და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, თქვენი ჟურნალისტები ჩვენც გამოგვესარჩლებიან,“-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ისინი აქტიურად აწვდიან მედიის კომიტეტს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
თაქთაქიშვილი ამბობს, რომ კომიტეტი დეტალურად ფლობს ინფორმაციას მას შემდეგ, რაც პირველად მოსამართლე ურთმელიძის მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
