დღეს ხალხმა ივანიშვილს უთხრა, რომ ყელში ამოხვედი - ირაკლი ალასანია
"დღეს პროკურატურასთან შეკრებილებმა ივანიშვილს უთხრეს, რომ ყელში ამოხვედი," - თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, დღეს შეკრებილი პროტესტის მთავარ მიზანსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„დღეს პროკურატურასთან შეკრებილებმა ივანიშვილს უთხრეს, რომ ყელში ამოხვედი. აღარ გვინდა, რომ მართავდე პროკურატურას. აღარ გვინდა, რომ მართავდე სასამართლოს. არ გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ერეოდე, საერთოდ თავი დაგვანებე. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ კურიერის პირდაპირ ეთერში.
სამართლიანი ბრძოლის პარალელურად, ირაკლი ალასანიას, თქმით, მისი გუნდი შემდეგ აქციას სასამართლოსთან გეგმავს, რომლის შემდეგაც რეგიონებში პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნიან.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თქმით, მას კომუნიკაცია პრეზიდენტთან არ ჰქონია, თუმცა სჯერა, რომ პრეზიდენტი თვალყურს ადევნებს პროცესებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიანობას ვიპოვით პრეზიდენტის ინსტიტუტში,“ - განაცხადა ალასანიამ.
