კი არ უნდა წავიდეს, დროზე უნდა გაეთრეს ქართული ოცნებიდან - ლუკა კურტანიძე კოღუაშვილის განცხადებებს ეხმაურება
"კი არ უნდა წავიდეს, დროზე უნდა გაეთრეს ქართული ოცნებიდან," - ასე ეხმაურება დავით კოღუაშვილის განცხადებას ქართული ოცნების წევრი, პარლამენტარი ლუკა კურტანიძე.
ეს განცხადება მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
"შოკირებული ვარ, გაცოფებული ვარ ვინმე კოღუაშვილის განცხადებით. კი არ უნდა წავიდეს, გაეთრეს დროზე ქართული ოცნებიდან. ყველა ჭრილობა სისხლის, სიკვდილის, რაც ერთან ერთად გამოვიარე, განმიახლდა. ასეთი ადამიანები ერის კაცის შექმნილ იდეაში და მითუმეტეს მის სიახლოვეს ვერ იქნებიან. სიმწრის ცრემლები მახრჩობს, დავით კოღუაშვილო!" - წერს კურტანიძე.
დავით კუღუაშვილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრად 14 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩიეს. ამის შემდეგ კი რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რამაც ქართული ოცნების წევრების პროტესტი გამოიწვია.
