"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეჭვმიტანილები ვიპოვოთ,"-კვირიკაშვილმა სტრასბურგში პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე შეკითხვას უპასუხა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში დაისვა შეეხებოდა საქართველოში ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს. დეპუტატები დაინტერესდნენ როგორ მიმდინარეობს გამოძიება და რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ მომხდარი აღარ განმეორდეს.
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, არსებობს ორი პრობლემა, ერთი ის, რომ ხდებოდა ამ ტიპის ჩანაწერების გაკეთება და მეორე - არის გავრცელება.
„პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები არის შანტაჟი საზოგადოების და პირველი რიგში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. თუ ვინმეა დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით და ეჭვმიტანილთა პოვნით, პირადად პრემიერმინისტრი და მთავრობაა. გამოძიება მიმდინარეობს. ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, პირველივე დღეს, ვთხოვე ძალოვან უწყებებს დაეწყოთ გამოძიება. საერთაშორისო ინსტიტუტები და ჩვენი პარტნიორებიც ჩართული არიან ძიების პროცესში. ფედერალური საგამოძიებო ბიურო დახმარებას უწევს საქართველოს პროკურატურას ამ საქმის გამოძიებაში. გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს-პირველი, ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ კადრების გადაღებაში და მეორე, ვიპოვოთ მათი გამავრცელებლებიც. პირველ ნაწილში გარკვეული წარმატება გვაქვს. დავაკავეთ 5 ყოფილი მაღალჩინოსანი, რაც შეეხება გამავრცელებლებს, ეს სირთულეს წარმოადგენს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეჭვმიტანილები ვიპოვოთ. რაც შეეხება წინასასამართლო დაკავებას, ჩვენ ვთხოვეთ ევროპელ მეგობრებს რეაგირება მოეხდინათ და რა თქმა უნდა ყურადღებით მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს,“-განაცხადა პრემიერმინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ასამბლეაზე პრემიერმინისტრის გამოსვლა 25 წუთს გაგრძელდა. გიორგი კვირიკაშვილმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ადამიანის უფლებებზე ამ რეგიონებში. მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა.
