პარლამენტში მოსახვედრად დეპუტატებს კვლავ 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ
2016 წელს პარლამენტში მოსახვედრად დეპუტატებს კვლავ 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. დღეს საქართველოს პრემიერმა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მთავრობა ბარიერის დაწევასთან დაკავშირებული ცვლილებების გასატარებლად მზადაა, თუმცა კვირიკაშვილმა ისიც განმარტა, რომ ცვლილებების გატარება სავარაუდოდ ვერ მოესწრება.
ცვლილებების განსახორციელებელ იურიდიულ პროცედურებზე ამახვილებენ ყურადღებას საპარლამენტო უმრავლესობაშიც. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევისთვის საკონსტიტუციო ცვლილებაა საჭირო, რაც კენჭისყრამდე 5 თვით ადრე ვერ მოესწრება, თუმცა მმართველი პარტია ბარიერის შემცირებას იმ ნაწილში არ გამორიცხავს, რომელიც პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭებას ეხება. ამ შემთხვევაში ბარიერი 3-დან 2 %-მდე დაიწევს.
საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებისგან არა საარჩევნო კოდექსის არამედ სისტემის ცვლილებას ითხოვს. ნაციონალურ მოძრაობაში პრემიერის მხრიდან საარჩევნო ბარიერის დაწევაზე ხაზგასმა, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თავის მოსაწონებლად დასჭირდა.
უმრავლესობის არგუმენტი, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა არჩევნებამდე ვეღარ მოესწრება მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვისაც. ინტერპარტიული ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას რეფორმების გატარებისთვის საჭირო პოლიტიკური ნება არ აქვს.
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მთავრობა პოზიციას არ ცვლის და მაჟორიტარულის პროპორციულით ჩანაცვლებას მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აპირებს.
ავტორები:ნინო სამყურაშვილი, ნატა მახვილაძე, თემურ ვარაზანაშვილი.
