საქართველოს პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს საარჩევნოდ საქართველოში იწვევს
საქართველოს პრემიერმინისტრი ამ წუთებში სტრასბურგში ევროპელი და ქართველი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მანამდე კი გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ერთ-ერთი პირველი თემა, რაზეც პრემიერმა ყურადღება გაამახვილა, მომავალი საპარლამენტო არჩევნებია. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, 2012 წელს ცივილურად, არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება საქართველოში და 2016 საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს ყველაზე უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე.
ამასთან დაკავშირებით მან მოიწვია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები არჩევნებზე დასაკვირვებლად, არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში, არამედ წინასაარჩევნო მონიტორინგის მიზნით.
"ჩვენ გვჭირდება კონკურენტული, მაგრამ, ამავდროულად მშვიდი არჩევნები, როდესაც არ იქნება ანგარიშები გაყინული, ვერავინ გააკონტროლებს რა სახის ინფორმაციას უსმენს ხალხი და სადაც ყველა კანდიდატი თავისი ბედის გადაწყვეტას საარჩევნო ყუთთან ელის. მოუთმენლად ველით თქვენი მხრიდან ამ არჩევნების დაკვირვებას, რომ იზეიმოთ შედეგი, როგორიც არ უნდა იყოს ის. ჩვენ დემოკრატიული გარდაქმნიდან გადავდივართ დემოკრატიულ კონსოლიდაციაზე, სადაც გამარჯვებული არ იღებს ყველაფერს, სადაც დამარცხებული კი კარგავს ყოველივეს, ჩვენ ამით ვამაყობთ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
