შეწყალების სკანდალი გრძელდება - ანასტასია ზაუტაშვილის ყოფილი ადვოკატი მანანა კობახიძისა და მისი ძმის როლზე საუბრობს
შეწყალების სკანდალი გრძელდება. ანასტასია ზაუტაშვილის ყოფილი ადვოკატი მანანა კობახიძისა და ვიცე სპიკერის ძმის - თედო კობახიძის როლზე საუბრობს. იურისტის განცხადებით, მათ კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებს შეწყალების გარანტია მისცეს და ადვოკატთან რამდენიმე ათას დოლარიანი ჰონორარის შესახებ მოლაპარაკებებსაც, ზაუტაშვილის ოჯახის ნაცვლად აწარმოებდნენ.
ადვოკატმა კობა კობახიძემ დღეს ქართული გაზეთის რედაქციაში გაასაჯაროვა ის ხელშეკრულება, რომელიც დადებული ქონდა მას ზაუტაშვილის ოჯახთან. ამ ხელშეკრულებით ცნობილი ხდება, რომ ადვოკატისთვის ჰონორარის სახით უნდა გადაეხადათ 6 ათასი ევრო და ასევე, თუ შეწყალების კომისია გაათავისუფლებდა ზაუტაშვილს და სხვა მსჯავრდებულებს, ამ შემთხვევაში უნდა გადაეხადათ 74 ათასი ევრო.
დღეს კობა კობახიძე აცხადებს, რომ ამ თანხებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მსჯავრდებულის ოჯახთან სწორედ და-ძმა კობახიძეებს ქონდათ.
ადვოკატის თქმით, მას შემდეგ რაც არ მოხდა ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლება, ნუგზარ ბოჭორიშვილმა, რომელიც კოკაინის საქმეში ერთ-ერთი მსჯავრდებულია, თანხის დაბრუნება უკან მოსთხოვა და ეს თანხა ადვოკატის მტკიცებით ზაუტაშვილებს სწორედ მანანა და თედო კობახიძეების მამამ დაუბრუნა.
ქართული გაზეთის მთავარი რედაქტორის გუგა სულხანიშვილი შეფასებით, ახალი გარემოებები ცალსახად მიუთითებს, რომ და-ძმა კობახიძეები ჩართული იყვნენ ამ გარიგებაში.
