აშშ მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს ჟურნალისტების მიზანში ამოღების გამო და მოუწოდებს სიტყვის თავისუფლების პატივისცემისკენ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო რუსეთის მიერ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებული ბოლოდროინდელი ქმედებები მას შემდეგ, რაც მოსკოვში ახალი დაკავებებისა და ერთ-ერთი ცნობილი სარედაქციო ოფისის რეიდის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
„ჩვენ ვნახეთ ბოლოდროინდელი ცნობები რუსეთში კიდევ ორი ჟურნალისტის დაკავების შესახებ. შეერთებული შტატები გმობს ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ხმების დაშინების, შევიწროებისა და დასჯის ნებისმიერ მცდელობას“, - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა RFE/RL-ს, 10 აპრილს, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად.
„შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ფუნქციონირების ფუნდამენტური კომპონენტია - ეს შეხედულება ასახულია რუსეთის კონსტიტუციაშიც,“ - განაცხადა პრესსპიკერმა და კონკრეტულად მიუთითა 29-ე მუხლზე, რომელიც უზრუნველყოფს „იდეებისა და სიტყვის თავისუფლებას“ და მედიის დაცვას ცენზურისგან.
აშშ მოუწოდებს რუსეთის მთავრობასა და სასამართლოებს, დაიცვან ეს ვალდებულება და პატივი სცენ გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებას, იმის აღიარებით, რომ "საზოგადოებები ძლიერდება მაშინ, როდესაც ინდივიდებს შეუძლიათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა მთავრობის მხრიდან რეპრესიებისა და ცენზურის გარეშე“.
ეს განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც 9 აპრილს რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა რეიდი ჩაატარეს დამოუკიდებელი გაზეთის, "ნოვაია გაზეტას" მოსკოვის ოფისში, რა დროსაც დააკავეს ჟურნალისტი ოლეგ როლდუგინი.ხოლო ჩხრეკისას, რომელიც 13 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ამოიღეს აღჭურვილობა და დოკუმენტები.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, საქმე უკავშირდება ე.წ. „პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის უკანონო გამოყენებას, გადაცემას ან შენახვას“, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მოსკოვის სასამართლომ ოლეგ როლდუგინი წინასწარი პატიმრობაში დატოვა 10 მაისამდე. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ეს გამოცემა, რომელსაც ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი ხელმძღვანელობდა, ცნობილია რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებისა და კორუფციის გაშუქებით, რის გამოც ის ხშირად ხდება სახელმწიფო უწყებების სამიზნე.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ცნობით, ჩხრეკის დროს გამოცემის ოფისში 10-ზე მეტი თანამშრომელი შენობაში ჰყავდათ გამოკეტილი და მათ საათების განმავლობაში არ ჰქონდათ გარესამყაროსთან კომუნიკაციის საშუალება.
ამ ფაქტის გარდა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) ღალატის ბრალდებით დააკავა რადიო თავისუფლების ყოფილი ფრილანსერი ციმბირის ჩიტას რეგიონში და ის უკრაინის დაზვერვასთან კომუნიკაციაში დაადანაშაულა.
მამაკაცი, რომელიც ზოგიერთი მედიის ცნობით, ალექსანდრ ანდრეევად არის იდენტიფიცირებული, ბოლოს რადიო თავისუფლებასთან ათ წელზე მეტი ხნის წინ მუშაობდა.
