მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანმა მისი აქტივების განბლოკვა მოითხოვა
ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა, განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე ორი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს: ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა და ირანის გაყინული აქტივების განთავისუფლება. ამის შესახებ მან 10 აპრილს დაწერა სოციალურ ქსელ X-ში.
ღალიბაფი ამტკიცებს, რომ ამ პირობებზე ორივე მხარე შეთანხმებულია და განაცხადა, რომ გააფთხილა ამერიკა, რომ მოლაპარაკებები მათ შესრულებამდე არ დაიწყება. დეტალებზე მას არ უსაუბრია.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ, ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად აუცილებელია ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა. როგორც ღალიბაფი, ასევე არაყჩი ირანის დელეგაციის წევრები არიან აშშ-სთან მოლაპარაკებებში.
ღალიბაფისა და არაყჩის განცხადებებიდან მალევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ „ირანელები, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ, რომ მათ არანაირი კოზირი არა აქვთ, გარდა საერთაშორისო საზოგადოების მოკლევადიანი შანტაჟისა საერთაშორისო საზღვაო გზებით“.
8 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ირანის ოფიციალური პირები არაერთხელ გამოვიდნენ ლიბანზე ისრაელის თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით. ისინი აცხადებენ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ნაწილია. შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა განაცხადეს, რომ ლიბანი არ იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი.
9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებების „რაც შეიძლება მალე“ დაწყების ბრძანება გასცა. მანამდე, The Wall Street Journal-ის ცნობით, მას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაურეკა.
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 11 აპრილს არის დაგეგმილი პაკისტანის დედაქალაქში. ამერიკულ დელეგაციას უხელმძღვანელებს ვიცე-პრეზიდენტი ჯ. დ. ვენსი. ის უკვე გაფრინდა ისლამაბადში. „მოუთმენლად ველით მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, რომ ის პოზიტიური იქნება“, განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე.
ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, იქნებიან სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
