პატრიარქი კირილე: პუტინმა ეკლესიას გადასცა ვლადიმირისა და დონის ღვთისმშობლის ხატები
რუსეთის პატრიარქის, კირილეს თქმით, ვლადიმირისა და დონის ღვთისმშობლის ხატების რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო. ამის შესახებ კირილემ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გამართულ ღვთისმსახურებაზე განაცხადა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, ეკლესიამ „არაერთხელ წამოწია საკითხი, რომ ეს სიწმინდეები უნდა დაბრუნებულიყო“, თუმცა კულტურის სფეროს წარმომადგენლები, „მიუთითებდნენ რა იმაზე, რომ ეს ხატები განსაკუთრებული კულტურული ფასეულობებია და რომ თითქოს ეკლესია ვერ შეძლებდა მათ დაცვას, ყველანაირად აფერხებდნენ ამ პროცესს“. კირილეს აზრით, ხატები „თითქოს ერთგვარ ტყვეობაში იმყოფებოდნენ“.
„მაგრამ ჩემი მიმართვა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინისადმი, ჩვენი მართლმადიდებელი პრეზიდენტისადმი, იმით დასრულდა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ამ სიწმინდეების ეკლესიისთვის დაბრუნების შესახებ“, - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
კირილემ ასევე მადლობა გადაუხადა კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვას და ტრეტიაკოვის გალერეის თანამშრომლებს „იმისთვის, რომ პრეზიდენტის ბრძნული გადაწყვეტილება არ გამხდარა სადავო და არ შექმნილა რაიმე საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდნენ ამ ქმედების კანონიერებასა და სარგებლიანობას“.
„ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც ამ ხატებთან მივალთ, ვილოცოთ. ვილოცოთ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი მართლმადიდებელი პრეზიდენტის, ვლადიმირ ვლადიმირის ძისთვის, ხელისუფლებისთვის, ჯარისთვის, რათა უფალმა დაიცვას ჩვენი სამშობლო და არ მისცეს მიზნების მიღწევის შესაძლებლობა მათ, ვინც ჩვენს ქვეყანას ბოროტებას უსურვებს“, - განაცხადა პატრიარქმა კირილემ.
მოსკოვის საპატრიარქოს ვებსაიტის ინფორმაციით, მაცხოვრის ტაძარში გამართული ღვთისმსახურების დროს ორივე ხატი ამბიონის წინ იყო დასვენებული.
ვლადიმირისა და დონის ღვთისმშობლის ხატები 1930 წლიდან ინახებოდა ტრეტიაკოვის გალერეაში. პირველი მათგანი XII საუკუნეშია დაწერილი, მეორე - XIV საუკუნის ბოლოს ან XV საუკუნის დასაწყისში. დონის ხატი მუდმივ ექსპოზიციაში იყო წარმოდგენილი, ხოლო ვლადიმირის ხატი წმინდა ნიკოლოზის ტაძარ-მუზეუმში, ტოლმაჩიში ინახებოდა.
ხატების გადაცემის გეგმების შესახებ ჯერ კიდევ 7 მარტს წერდა ხელოვნებათმცოდნე სოფია ბაღდასაროვა. მოგვიანებით ამის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია გამოცემა “როსბიზნესკონსალტინგმა” (РБК) და „კომერსანტმა“.
3 აპრილს ტრეტიაკოვის გალერეამ განაცხადა, რომ ხატები ქრისტეს მაცხოვრის ტაძარში გამოიფინებოდა.
