ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცეში ხანძრის საქმესთან კავშირით დააკავეს ჩეხეთის და აშშ-ის მოქალაქეები
ჩეხეთის და სლოვაკეთის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ცეცხლის განზრახ გაჩენაში ქალაქ პარდუბიცეში მდებარე საწარმოში. დაკავებულებს შორის არიან ჩეხეთის და აშშ-ის მოქალაქეები - წერს სამშაბათს ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიცია პლატფორმაზე X.
"ერთი პირი სლოვაკეთში დააკავეს, სლოვაკ კოლეგებთან და ადგილობრივ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ორი - ჩვენს ტერიტორიაზე", ნათქვამია ჩეხეთის პოლიციის ერთ-ერთ ცნობაში. უწყება აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება და იღებენ ზომებს სლოვაკეთში დაკავებული პირის ექსტრადიციისთვის.
20 მარტს, გამთენიისას მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანდა საწარმო, რომელსაც იყენებს ჩეხეთის თავდაცვის ჯგუფი LPP Holding-ი და რომელიც მდებარეობს პრაღიდან 100-მდე კილომეტრის მოშორებით, პარდუბიცეში მოქმედი საწარმო კომპლექსის ტერიტორიაზე.
ხანძარი შეეხო LPP Holding-ის ოფისსაც. ეს კომპანია აწარმოებს უპილოტო სისტემებს, რომლებსაც, მათ შორის, უკრაინასაც აწვდიან. 2025 წლის დეკემბერში კომპანიამ წარმოადგინა ფრთიანი რაკეტა Narwhal-ი, 600 კილომეტრზე მეტი რადიუსით, რომლის გადაცემაც ასევე უკრაინის არმიისთვის იგეგმებოდა.
LPP Holding-ი აცხადებს, რომ პოლიცია განიხილავს რუსეთის შესაძლო კავშირს პარდუბიცეში მომხდარ ხანძართან. საჯაროდ პოლიციას რუსეთთან შესაძლო კავშირის თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.
რუსეთი მანამდე კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებებს ევროკავშირის სახელმწიფოებში ჰიბრიდული თავდასხმების განხორციელებაზე - აღნიშნავს Reuters-ი.
ჯგუფმა, რომელმაც ხანძართან თავისი კავშირის შესახებ განაცხადა, 24 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ ის ფლობს "საიდუმლო დოკუმენტებს", რომლებიც გამოქვეყნდება, თუკი LPP არ გაწყვეტს კავშირს Elbit Systems-თან, ჯგუფი LPP-სგან ასევე მოითხოვს "პალესტინის ბარბაროსული ოკუპაციის დაგმობას". ბოლო ვადად დაწესებულია 20 აპრილი - იუწყება გამოცემა Aktuálně.cz.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა მანამდე უცნობმა დაჯგუფებამ სახელით "მიწისძვრის ფრაქცია". დაჯგუფება თავის ქმედებებს უკავშირებს პროტესტს პარდუბიცეში მოქმედ საწარმოში ისრაელისთვის განკუთვნილი იარაღის წარმოებაზე, რაც, ჯგუფის განცხადებით, გამოიყენება "პალესტინის, ირანის და ლიბანის წინააღმდეგ გენოციდისთვის". ხანძრის წინა დღეს ჯგუფმა საინტერნეტო საიტი გაატარა რეგისტრაციაში, ინციდენტის შემდეგ ტელეგრამზეც გახსნა არხი. აქ გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ორი პირი ცეცხლს აჩენს.
LPP Holdings-ის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ 2023 წელს კომპანიას სურდა მონაწილეობა მიეღო ისრაელის კომპანია Elbit-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ განხორციელდა.
