ჟურნალისტებმა დაადგინეს უკრაინაში დაღუპული 186 ათასი რუსი ჯარისკაცის ვინაობა
BBC-ის რუსულმა სამსახურმა, „მედიაზონამ“ და მოხალისეთა ჯგუფმა დაადგინეს 186 102 რუსი ჯარისკაცის ვინაობა, რომლებიც უკრაინასთან ომის დაწყებიდან მოყოლებული დაიღუპნენ.
გამომძიებლების თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დადასტურებული სახელების რაოდენობა თითქმის 20 000-ით გაიზარდა, რაც რეკორდული ზრდაა დათვლის დაწყებიდან. თუმცა, კვლევის ავტორები აღნშნავენ, რომ დაღუპულთა რიცხვის ზრდა ფრონტზე არსებულ ვითარებას არ უკავშირდება.
ასევე აღნიშნულია, რომ დაღუპულთა შორის მოხალისეების წილი კვლავ იზრდება: ისინი ამჟამად დადასტურებული მსხვერპლის მესამედს შეადგენენ. დადგენილი მოხალისეების ნახევარზე მეტი ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაიღუპა.
დათვლის მეთოდოლოგია ეფუძნება საჯარო ინფორმაციის ანალიზს: ნეკროლოგებს, სოციალური მედიის პოსტებს და განცხადებებს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნის შესახებ. მსხვერპლთა რეალური რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.
Bloomberg-ის ცნობით, მთელი ომის განმავლობაში რუსეთის მთლიანმა დანაკარგებმა 1,2 მილიონს გადააჭარბა. დეკემბერში რუსეთის არმია დღეში საშუალოდ 1130 დაღუპულ და დაჭრილ მეომარს კარგავდა, ყოველთვიურმა დანაკარგებმა კი 35 000-ს მიაღწია. იანვარში რუსეთის ჯარისკაცების დანაკარგების მაჩვენებელმა მოხალისეების რეკრუტირების მაჩვენებელს გადააჭარბა.
