რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ციხიდან ითხოვს უკრაინაში საომრად გაგზავნას
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ტიმურ ივანოვი, რომელიც 13-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის თითქმის ოთხი მილიარდი რუბლის გაფლანგვის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს უჩივის.
ივანოვმა უკრაინაში საომრად კონტრაქტით გაგზავნა 2025 წლის ზაფხულში ჯერ მაიორის წოდებით ითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი შემოდგომაზე ხელახალი განაცხადი წარადგინა იმის შესახებ, რომ მზად არის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ ნებისმიერი ჩინით ჩაერთოს.
დღეს, 19 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ ივანოვის მიერ მოსკოვის სასამართლოში გაგზავნილ ადმინისტრაციულ საჩივარზე დაყრდნობით დაწერა, რომ ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მოსკოვის კომისარიატს და კონტრაქტით დაქირავებულთა შერჩევის პუნქტს უჩივის იმის გამო, რომ ბოლო მიმართვაზე პასუხი არ მიუღია და ითხოვს, რომ სასამართლომ ამ უწყებების „უკანონო უმოქმედობა“ დაადგინოს და დაავალოს კანონით გათვალისწინებული კონტრაქტის გაფორმება.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებს სხვადასხვა ბრალდებით გასამართლებულ პატიმრებსაც, რომლებსაც გათავისუფლების სანაცვლოდ კონტრაქტებს უფორმებენ და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში, ანუ უკრაინასთან საომრად უშვებენ.ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსული სამსახურის და დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონის“ კვლევებით(ისინი საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობების საფუძველზე ადგენენ უკრაინაში რუსეთის მხრიდან დაღუპულთა ვინაობას), უკრაინაში დაღუპული რუსების ნახევარზე მეტს შეადგენენ არა მოქმედი პროფესიონალი სამხედროები, არამედ მოხალისეები, მობილიზაციით გაწვეულები და საომრად კოლონიებიდან გაგზავნილი პატიმრები.ტიმურ ივანოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო 2016 წლიდან. ის 2024 წლის აპრილში დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, ივანოვი კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი.
2025 წლის ივლისში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ტიმურ ივანოვი დამნაშავედ ცნო ქერჩის საბორნე გადასასვლელისთვის ორი ბორნის შეძენისას 3,9 მილიარდი რუბლის გაფლანგვაში და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააგენტო „ტასის“ ცნობით, დასრულებულია ივანოვის წინააღმდეგ მეორე, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ფულის გათეთრების საქმის გამოძიება.
