საქართველომ და რუსეთმა ძებნილი პირების ექსტრადიციის შესახებ განაცხადეს
საქართველოსა და რუსეთის პროკურატურამ განცხადებები გაავრცელეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ძებნილი პირების ექსტრადიციის შესახებ.
საქართველომ რუსეთს გადასცა რუსეთის მოქალაქე ნიკიტა პოდსტავკინი, რომელსაც ბრალი ედებოდა სხეულის განზრაზ მძიმე დაზიანება, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია. ხოლო რუსეთმა საქართველოს გადმოსცა გიორგი პაპაშვილი, რომელსაც ბრალი ედებოდა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებარუსეთის პროკურატურა იტყობინება, რომ „საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა ნიკიტა პოდსტავკინის ექსტრადირება მოახდინა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მე-4 ნაწილით ( სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად“.
2 თებერვალს გამოქვეყნებული ვიდეოკადრების მიხედვით, გადაცემა ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარზე, "ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა.
„გამომძიების ვერსიით, 2024 წლის 25 ივნისს პოდსტავკინი და მისი თანამზრახველები თავს დაესხნენ დაზარალებულს, მიაყენეს მას სხეულის მძიმე დაზიანებები. შედეგად, კაცი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ბრალდებულმა სამართალდამცავი ორგანოებისგან თავის დაღწევა მოახერხა და რუსეთის გენერალური პროკურატურის მითითებით, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული მხარის ცნობით, პოდსტავკინის ექსტრადიციის მოთხოვნა მისი საქართველოში დაკავებასთან დაკავშირებით გაიგზავნა.
რუსეთის საზედამხედველო უწყების ქმედებების წყალობით, ექსტრადიციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს შესაბამის ორგანოებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, მათ რადიო თავისუფლებამ მიმართა.
საქართველოს პროკურატურის განცხადებაუწყების მიერ 4 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულია, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის გ.პ.-ს საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.
"გამოძიებით დადგენილია, რომ 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში, ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს და ძალადობა განახორციელა მის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული და დანაშაულის ადგილზე მყოფი სხვა პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ."
საუბარია გიორგი პაპაშვილზე, რომელსაც 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ედება ბრალი. პაპაშვილი 2025 წლის 4 მარტიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
პროკურატურის თანახმად, ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი მალევე დააკავეს, ხოლო ერთ-ერთმა მიმალვა მოახერხა. სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 4 წლით და 3 თვით, ერთ პირს 5 წლით, ხოლო მიმალვაში მყოფ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მის მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა.
დიპლომატიური ურთიერთობების არქონის მიუხედავად, საქართველო და რუსეთი პერიოდულად თანამშრომლობენ სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით. ექსტრადირებული პირების რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.
2019 წელს საქართველოდან რუსეთში ინტერპოლის მიერ ძებნილი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის და რამზან ახიადოვის ექსტრადირება განხორციელდა; რამზან ახიადოვს, მოსკოვი ტერორისტულ საქმიანობასა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ადანაშაულებდა; რუსეთს გადასცეს ასევე სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი ძმები ვლადიმირ და ალექსანდრ გლუშკოვები.
2020 წელს საქართველომ რუსეთს სამი პატიმარი გადასცა, რომელთაგან ორი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო, მესამე კი - აზერბაიჯანის.
2025 წლის ბოლოს რუსეთმა საქართველოს გადმოსცა ინტერპოლის მიერ ძებნილი კაცი, რომელსაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ.
