„იმედია, საკმარისი თანხა აიღეს, რომ კარგი ვახშამი ჭამონ“ - პაპუაშვილი კორუმპირებულებს უწოდებს თემთა პალატის წევრებს
სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კორუმპირებულს უწოდებს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატს, რომელმაც 3 თებერვალს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ახლო აღმოსავლეთის, პაკისტანისა და ავღანეთის საკითხებში, ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან, ჰამიშ ფალკონერთან კითხვა-პასუხისას აღნიშნა, რომ საქართველოში ირანის გავლენები აღმავალია.
„შევრცხვით, რაკი თემთა პალატის კორუმპირებულმა რამდენიმე დეპუტატმა რაღაც თქვა... იმედია, საკმარისი თანხა აიღეს იმისთვის, რომ კარგი ვახშამი ჭამონ, ოჯახს რაიმე უყიდონ და ამით რაღაც სარგებელი მიუტანონ თავის თავს. კორუმპირებულები არიან ფულს იღებენ ამ განცხადებაში... ადამიანი მაზოხისტი ხომ არ არის, გამოვიდეს და ტყუილები ილაპარაკოს. ამისთვის, დიდი ალბათობით, აქვს სარგებელი, იმედია, კარგი სარგებელი მიიღო და თავის ოჯახს მაინც გამოადგება. ასეთ განცხადებებს რომ ფასი არ აქვს, ეს ყველამ იცის და ყოჩაღ მათ, რომ ასეთ არაფრისმომცემ განცხადებებს ყიდიან და იმედია, სარფიანად ყიდიან“, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი თემთა პალატაში გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტში, პლენარული სესიის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას.
3 თებერვალს, კონსერვატიული პარტიის წევრმა მარტ პრიტჩარდმა, ჰამიშ ფალკონერთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ახლო აღმოსავლეთის, პაკისტანისა და ავღანეთის საკითხებში, ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან გასაუბრებისას აღნიშნა:
„საბედნიეროდ, ირანის გავლენები სამხრეთ კავკასიაში მცირდება, თუმცა, ერთი ქვეყანა, სადაც, როგორც ჩანს, აღმავლობაა, ეს არის საქართველო. იზიარებს მინისტრი ჩემს შეშფოთებას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ იქ 13 000-ზე მეტი ირანული კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთაგან დაახლოებით 700, ერთი პატარა სოფლის ერთ პატარა შენობაშია დარეგისტრირებული? არსებობს სანქციების დარღვევისა და მათთვის თავის არიდების პოტენციალი, ეს ფული ირანის რეჟიმს კვებავს. ის მთელ მსოფლიოში მავნე საქმიანობას აფინანსებს, ამიტომ ხომ არ მიმართავდით საგარეო საქმეთა მინისტრს იმის გამოსაძიებლად, მართალია თუ არა, რომ ირანი აფინანსებს რეჟიმს და იყენებს საქართველოს, როგორც შავი ზღვის „უკანა კარს“?“
ჰამიშ ფალკონერმა კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„...სანქციების შემდგომ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ირანის გავლენა მის მეზობელ რეგიონებში და მის ფარგლებს გარეთ უმეტეს შემთხვევაში საზიანოა. ირანის გავლენის გრძელვადიანი კვალი აშკარად ჩანს ლიბანში, ღაზაში და სხვა მრავალ კონტექსტში, ამიტომ ჩვენს ყველა მოკავშირეს ვაფრთხილებ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ირანთან ურთიერთობებში“.
თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რაიონში ათასობით ირანული კომპანიაა დარეგისტრირებული. ამის შესახებ რადიო თავისუფლება ცოტა ხნის წინ ვრცელ სტატიაში წერდა.
მაგალითად, თბილისში, უზნაძის 111 ნომერში, 700-მდე ირანული კომპანიაა რეგისტრირებული, თუმცა მათი ფიზიკური არსებობის კვალი არ ჩანს. სოფელი დუნთა, სადაც 100-მდე ადამიანი ცხოვრობს, 800-მდე ირანული კომპანიის ირანული კომპანიები ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის და მრეწველობის სფეროებში საქმიანობენ. მათი რეგისტრაციის თავისებურებები საეჭვო ბიზნესაქტივობის შესახებ, კითხვებს აჩენს.
ჯერ კიდევ 2013 წელს ამერიკული „უოლ სთრიტ ჯორნალი” წერდა, რომ საქართველოში ირანული კაპიტალით შექმნილი 150-მდე კომპანია, "ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის" დაარსებული იყო. ესაა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ უმაღლეს ლიდერს ექვემდებარება და თავის მხრივ გავლენა აქვს პრეზიდენტსა და მეჯლისზე. საერთაშორისო სანქციებისგან თავდაღწევისას საქართველოში დაარსებული კომპანიებით თეირანს უმარტივდებოდა წვდომა არამარტო რუსულ და ჩინურ, არამედ დასავლეთის ბაზრებზე. 2025 წლის 28 სექტემბერს გაერომ ირანს ხელახლა დაუწესა გლობალური სანქციები, რომლებიც გარდა ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამებისა, ბოჭავს თეირანის ნავთობის მრეწველობას, ტრანსპორტისა და გადაზიდვების სფეროს, ფინანსურ და საბანკო სექტორებს.
